yandex
ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები - წერილები მადლიერი ხალხისგან
 
 
 
[ 2 ]

მქონდა ქრონიკული კონიუქტივიტი. მოსკოვშიც და თბილისშიც მითხრეს, არ იკურნება, ქრონიკულიაო. 2 წლის წინ მამა გაბრიელის საფლავთან ავიღე ზეთი. ქუთუთოზე 3-ჯერ წასმის შემდეგ დაავადება გაქრა. დღესაც კარგად ვარ.

კობა დვალი
თბილისი

წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი ვარ, მიძღვარი - მამა ბესარიონი. მთელი წლის განმავლობაში ვიყავი ალერგიით შეწუხებული, მქონდა გამონაყარიც. ჩავიტარე მკურნალობა, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა. მეგობრის დახმარებით, თავსხმა წვიმაში, წავედი მამა გაბრიელის საფლავზე, გამოვიდა დედა პარასკევა, მოგვაწოდა ზეთი და ამიხსნა, თუ როგორ უნდა გამომეყენებინა. წავისვი და დავლიე კიდევაც. ორი კვირის შემდეგ ისევ წავედი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად. ისევ წამოვიღე ზეთი და ერთ კვირაში შევნიშნე, რომ საერთოდ გამიქრა გამონაყარი და განვიკურნე ალერგიისგან.

ნინო ფიროსმანაშვილი
თბილისი

1994-95 წწ. ცემისაგან, მარცხენა ყურის ბარაბანი გამისკდა, რომლიდანაც დღემდე მდიოდა სისხლი და ჩირქი, თან სმენაც დავკარგე. გავიგე, რომ მამა გაბრიელის საფლავის კანდელიდან აღებული ზეთი, სასწაულებრივად კურნავდა ავადმყოფებს. სულ 2-ჯერ ჩავიწვეთე ყურში ზეთი და მოხდა საოცრება. ყველანაირმა ტკივილმა გამიარა და სმენაც აღმიდგა 80-90%-ით. ამტკივდა ყელი. ვღეჭავდი სტრეპტოციდს, რომელიც ვერ მშველოდა. როგორც კი ზეთი დავლიე, ტკივილმა ხუთ წუთში გამიარა. დიდი მადლობა უფალს და მამა გაბრიელს.

პატიმარი - გურამ მანაგაძე
ქსნის #7 საპყრობილე

2001 წ. ზაფხულში ჩემს მეუღლეს დაეწყო ტკივილები მკერდის არეში. მივმართეთ ექიმს, ჩატარდა ექოსკოპიური გამოკვლევა. აღმოჩნდა სიმსივნური კვანძი, ხოლო ონკოლოგიურ საავადმყოფოში, ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც იყო სასწრაფოდ საოპერაციო. ჩვენ ძალიან შევშინდით, ლაპარაკი იყო მკერდის მოკვეთაზე და კიდევ ამბობდნენ, რომ ოპერაციაზე გაირკვეოდა, შიგნით რა მდგომარეობა იქნებოდა. ოპერაციაზე დავთანხმდით. მანამდე კი, ჩვენი ახლობლების რჩევით, დავიწყეთ მამა გაბრიელის ზეთით მკურნალობა, ვლოცულობდით, დავდიოდით საფლავზე. ასე გავიდა ერთი თვე და ოპერაციის დღეც დადგა. ექიმმა ოპერაციის წინ ნახა, რომ სიმსივნე დაპატარავებულა და დიდი იმედი მოგვცა, რომ მკერდის მოკვეთა აღარ იქნებოდა აუცილებელი. მართლაც, ოპერაცია ისე ადვილად ჩატარდა, რომ ექიმსაც გაუკვირდა. სიმსივნე იყო მიმქრალი და პატარა ადგილზე შემოფარგლული. ჩატარდა ამოკვეთა და არანაირი გართულება არ მოყოლია. ჩვენ მადლიერი ვართ მამა გაბრიელის და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ზეთმა მოახდინა ეს სასწაული. როცა საავადმყოფოდან გამოვედით, მამა გაბრიელის საფლავზე წავედით და იქ ცხვარი გავუშვით. ამის შემდეგ ჩვენს ოჯახში მუდმივად არის მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი და საჭიროებისამებრ ვხმარობთ. თუ ვინმეს სჭირდება, მასაც ვუნაწილებთ. 2003 წ. იანვარში ჩემს ძმას ინსულტი დაემართა (34 წლის ასაკში). კომპიუტერზე გადაღების შემდეგ აღმოჩნდა ანევრიზმა გამსკდარი, რომელიც არის სიცოცხლისათვის საშიში და საჭიროებს აუცლიებელ ოპერაციულ ჩარევას. მდგომარეობას ართულებდა ის, რომ ეს ანევრიზმა იყო თავის ტვინის ქვედა მხარეს, წინა შემაერთებელ არტერიულ ხიდზე. საჭირო იყო, ოპერაცია გაკეთებულიყო მეათე-მეთორმეტე დღეს ანევრიზმის გასკდომიდან, რომ მიგვეღო ყველაზე ოპტიმალური შედეგი და ავადმყოფის გადარჩენის შანსი ყოფილიყო მაქსიმალური. მაგრამ მეშვიდე დღეს მოხდა ანევრიზმის განმეორებითი გასკდომა და ჩატარდა სასწრაფო ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ვერ იძლეოდნენ გადარჩენის შანსს, ჩემი ძმა გადარჩა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხმარობდით მამა გაბრიელის საფლავიდან აღებულ ზეთს და თუ არა უფლის სასწაული, ჩემი ძმა ნამდვილად ვერ გადარჩებოდა.

მირიან ზირაქიძე
თბილისი

ჩემს მეუღლეს ხელისგულზე ბავშვობიდან აქვს ჩასისხლიანებული ადგილი. იცხო მამა გაბრიელის ზეთი და სრულიად გაუქრა. იგი ძალიან დიდი მადლობელია მამა გაბრიელის. კბილი ამოვიღე. მოვსვი მამა გაბრიელის ზეთი და უცებ შემიწყდა ტკივილები და სისხლდენა ჭრილობიდან. ისე შემიხორცდა ჭრილობა, რომ ტკივილებს საერთოდ არ შევუწუხებივარ. ძილის წინ ბევრ პატიმარს სტკივა მუხლები. მე ისეთი ტკივილები მქონდა, რომ ვეღარ ვიძინებდი. ვთქვი ”მამაო ჩვენო” და მუხლებზე ვიცხე ზეთი. ტკივილებმა მაშინვე გამიარა და მშვიდად ჩამეძინა.

პატიმარი - გიორგი ნოზაძე
ქსნის #7 საპყრობილე
მქონდა კუჭის წყლული, რომელიც ხშირად მაწუხებდა. ამა წლის 2 იანვარს ძალიან შემაწუხა ტკივილებმა. ვეძებდი სოდას, რომ დამელია. ბიჭებმა მათქმევინეს ლოცვა ”მამაო ჩვენო”. შემდეგ მამა გაბრიელის ზეთი მაცხეს ჯვრის სახით და ცოტა დამალევინეს. ტკივილი მაშინვე დამიამდა. ახლა, საერათოდ აღარ მაწუხებს კუჭი, რანაირი საკვებიც არ უნდა მივიღო.

პატიმარი - არტურ სუკასიანი
ქსნის #7 საპყრობილე
ფეხი მქონდა დაჩირქებული, ორი თითი მილპებოდა, ვერაფრით ვირჩენდი. მივედი ვასილთან (ნარინდოშვილი) და ვთხოვე, მამა გაბრიელის ზეთი ეცხო. მან მაცხო ზეთი და თან მამა გაბრიელის საფლავიდან ამოტანილი მიწა დამაყარა ფეხზე და შემიხვია. მეორე დღეს, როცა სახვევები მოვიხსენი, დავინახე სასწაული - ფეხი მორჩენილი იყო. დიდი მადლობა მამა გაბრიელს.

პატიმარი - დავით ჩიტაია
ქსნის #7 საპყრობილე



მაწუხებდა მუხლების ტკივილი. მამა გაბრიელის ზეთის რამდენჯერმე ცხების შემდეგ ტკივილები აღარ მაქვს. მადლობა უფალს, რომ მამა გაბრიელის სახით ასეთი მეოხი მოგვივლინა

პატიმარი - გიორგი გელაშვილი
ქსნის #7 საპყრობილე

ვიყავი კბილის ტკივილით შეწუხებული. მოგეხსენებათ, რომ აქ ხშირად, ელემენტარული წამლებიც კი პრობლემაა. ჩემმა მეგობარმა, ვასილ ნარინდოშვილმა წამიკითხა ლოცვა და მაცხო მამა გაბრიელის ზეთი. ტკივილმა უმალვე გამიარა. საერთოდ, აქ, მამა გაბრიელის ზეთით არა ერთი ადამიანი იკურნება. მადლობა უფალს და მამა გაბრიელს ჩვენი შემწეობისათვის.

პატიმარი - მალხაზ ბლუაშვილი
ქსნის #7 საპყრობილე

რამდენიმე წელია მაწუხებს ასთმა. გაძნელებული სუნთქვით მივედი ვასილთან (ნარინდოშვილი). მან მამა გაბრიელის ზეთი მაცხო და ცოტა დამალევინა კიდევაც. მოულოდნელად სუნთქვა გამეხსნა და თავს ეხლაც კარგად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, მამა გაბრიელი კიდევ მრავალ პატიმარს უშველის. მადლობა ყველაფრისთვის უფალს და მამა გაბრიელს.

პატიმარი - შალვა ბახუტაშვილი
ქსნის #7 საპყრობილე


ჩემს შვილიშვილს, რომიკო იოსების ძე ჩახუნაშვილს, დაბადებამდე, ექოსკოპიით შეამჩნიეს, რომ თავზე რაღაც დარღვევა აღენიშნებოდა. გამოვიკვლიეთ ქ. თბილისში, კერძოდ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტში. მრავალმხრივი კვლევით გამოვლინდა ჰიდროცეფალია და გალენის ვენის ანევრიზმა. მაშინვე შევუდექით ზრუნვას მისი მკურნალობისთვის. მ. იაშვილისი სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ ოპერაციას შუნტირებით გააკეთებდნენ, რაც ძალიან განვიცადეთ. ამის შემდეგ საბუთები და კომპიუტერული კვლევის მასალები გავაგზავნეთ მოსკოვში, ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში, საიდანაც მივიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხი, რომ ოპერაციას შუნტირების გარეშე გაკეთებდნენ, მაგრამ ამისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო საჭირო. მარტო ოპერაციაში 7 000 დოლას ითხოვდნენ, თანაც, მეუბნებოდნენ, რომ ოპერაცია რაც ადრე გაკეთდება, უკეთესიაო. დრო აღარ ითმენდა და გადავწყვიტე, საბერძნეთში წავსულიყავი. სამი სამსახური გამოვიცვალე და ბოლოს ქუჩაში დავრჩი. ძალიან ვნერვიულობდი. გადავწყვიტე წავსულიყავი ათენის ცენტრში მდგარ გოგონებთან, რომელნიც მამა გაბრიელის წიგნებს და ზეთს ავრცელებდნენ. მათ მითხრეს, რომ უფალი დიდია, ევედრე მას და რა იცი, ყველაფერი უფლის ნებააო. რწმენა გამიმძლავრდა. მათგან ავიღე წიგნები მამა გაბრიელზე, I და II გამოცემა და ზეთი. დღედაღამ ვევედრებოდი მამა გაბრიელს, გადაერჩინა ჩვენი პატარა. ეს წიგნები ოჯახშიც გამოვაგზავნე და როცა წაიკითხეს, მაშინვე წავიდნენ მამა გაბრიელის საფლავზე სალოცავად. საფლავზე ხალხმრავლობა ყოფილა იმ დროს. დედა პარასკევას რომიკო აუყვანია და უკითხავს, ამ ბავშვს რა აწუხებს თავზეო. ჩემი შვილები სახტად დარჩენილან. როცა გაიგო, რომ ბავშვს მძიმე ოპერაციისათვის ვამზადებდით, მან მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლით შუბლზე ჯვარი გადასახა და დაგვპირდა, რომ მისთვის ილოცებდა. ეს მოხდა 2003 წ. მაისში. მადლიანი ადამიანების წყალობით სამსახური ისევ ვიშოვე. მოვხვდი ღვთისმორწმუნე ბერძნების ოჯახში. მათ გაიგეს რა ჩემი მდგომარეობა, დახმარება აღმითქვეს, კერძოდ, ნებისმიერ უცხოეთის კლინიკაში გადამიგზავნიდნენ ბავშვს დედასთან ერთად. კომპიუტერული მასალები შეამოწმეს ათენის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში, იატრიკი კენდროში. გააკეთეს დასკვნა, რომ ბავშვი საოპერაციოა სასწრაფოდ და პასუხისმგებლობაც თავის თავზე აიღეს. დამეხმარნენ ქ-ნი ნოდა და ბ-ნი გიორგი პრიმიკირები და 2003 წ. 23 ოქტომბერს ჩემი ვაჟი, რძალი და შვილიშვილი საბერძნეთში ჩამოიყვანეს. ბავშვი პირდაპირ კლინიკაში მივიყვანეთ. ბერძენ სპეციალისტებთან ურთიერთობაში მეხმარებოდნენ ქ-ნი დალი ბურკაძე და ბ-ნი ტარიელ ბიბილაშვილი. პირველი გამოკვლევა ბავშვს ჩაუტარდა 2 თვის ასაკში, მეორე - 1 წ. ასაკში. ძირფესვიანი გამოკვლევის შემდეგ, კომპიუტერით გადაღებულ სურათებზე ავადმყოფობის კვალიც არ არსებობდა. ჩემს რძალს მთელი განყოფილების ექიმები და პროფესორები შემოეხვივნენ და ეკითხებოდნენ, რით მკურნალობდით ბავშვსო. მან კი უპასუხა, რომ მხოლოდ მამა გაბრიელის ზეთს ვუსვამდით და ვლოცულობდითო. როცა ეს გაიგეს, გაოცებულნი დარჩნენ. საბერძნეთის პირველმა ნეიროქირურგმა აღიარა, რომ ეს მხოლოდ ღვთისმშობელს და ღმერთს შეეძლო გაეკეთებინაო და მესმოდა, როგორ იმეორებდა: ავტო ინე თავმა, თავმა, თავმა (ეს სასწაულია, სასწაულია, სასწაულია). ჩვენმა მასპინძელმა, ქ-ნ ნოტა პრიმიკირმა გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა, რათა მამა გაბრიელის საფლავზე მოილოცოს. მე არაფერი გამიკეთებია, ეს ყველაფერი ღმერთმა გააკეთაო. მადლობა უფალს, მადლობა მამა გაბრიელს, რომ ამ სასწაულს მომასწრო.

მაყვალა ჩახუნაშვილი
ათენი, საბერძნეთი

1999 წ. 15 ივნისს მოვყევი ავტოავარიაში, ღვთის მადლით ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ ორი წელი მივეჯაჭვე ლოგინს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არავის ეგონა, თუ ფეხზე დავდგებოდი, მაგრამ მოხდა სასწაული - მამა გაბრიელის ზეთის წყალობით შევძელი სიარული და მადლობას ვწირავ უფალს, რომელმაც მამა გაბრიელი მოგვივლინა. ჩემი განკურნების ამბავი ამგვარად იყო: ჩვენი სახლის მახლობლად ჟურნალ-გაზეთებს ყიდიან. ყავარჯნებით მივდიოდი და ვყიდულობდი ახალ პრესას. რამოდენიმე ჟურნალში მამა გაბრიელზე ეწერა, რამაც ძალიან დამაინტერესა. მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით მამა გაბრიელის საფლავზე. ღვთის ნებით, რკინიგზის სადგურზე გავედით თუ არა, მატარებლი მაშინვე ჩამოდგა. მცხეთაში ვარ ნამყოფი ავტომობილით, მაგრამ, არც მე და არც დედაჩემმა სადგურიდან გზა არ ვიცოდით. ჩამოვედით თუ არა მატარებლიდან, ბაქანზე დავინახეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სვეტიცხოველში მიდიოდა ჯვრის საკურთხებლად. რომ გაიგო ჩვენი ამბავი, გვითხრა: მეც იქით მოვდივარ, გეტყობათ პირველად ხართ და გამომყევითო. ამგვარად, აღმოვჩნდით მამა გაბრიელის საფლავზე. წამოვიღეთ ზეთი, დედა პარასკევამ როგორც დაგვარიგა, დავიწყეთ ამ ზეთის წასმა ფეხზე. მესამე კვირას ყავარჯნებიც გადავაგდე და ცოტა ხანში - ჯოხიც. ამგვარად, აღმოვჩნდი განკურნებული მამა გაბრიელის ზეთის წყალობით. სანამ ავარიაში მოვყვებოდი, ერთ ხანს ჩამოშორებული ვიყავი დედა-ეკლესიას. აყოლილი ვიყავი ბიჭებს, ეს ჩემი ავარიაც და განკურნებაც, ალბათ, იმიტომ დაუშვა უფალმა, რომ რწმენისაკენ შემოვტრიალებულიყავი. უფალი ხომ იმდენ სატანჯველს არ დაუშვებს, რამდენის ტარებასაც ვერ შეძლებს ადამიანი. ღვთის წყალობით, შემოვტრიალდი მეც რწმენისკენ. ვარ გორის მგალობელთა გუნდის წევრი.

ზაზა ალავერდაშვილი
გორი


მადლობა და დიდი მადლი მინდა შევთხოვო მამა გაბრიელს, ის ხომ სასწაულია პირდაპირ. მეზობლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. ბავშვი სულს ებრძოდა; მას თავის ქალა ქონდა გატეხილი. ოთხი საათი მიმდინარეობდა ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვს გაუსივდა სახე და ენა. გონზე ვერ მოიყვანეს. ვიღაცამ მოიტანა მამა გაბრიელის საფლავის კანდელის ზეთი და წაუსვეს დაზიანებულ ადგილებზე. უგონო ბავშვს ჩაასხეს პირშიც. მოხდა სასწაული - ბავშვი გონზე მოვიდა და რამოდენიმე ხანში გამოეწერა საავადმყოფოდან ჯანმრთელი. დიდება უფალო შენ, რათა მოგვივლინე გაჭირვებულთ მხსნელი და ქომაგი. დიდება უფალს!

დარია,
თბილისი, ნუცუბიძის Vმრ. 8 კორპ.



ღმერთო შენ შეეწიე ყველა დავრდომილს. მრავალი წლის ლოდინის შემდეგ ვიმშობიარე, მაგრამ საუბედუროდ, ბავშვი დაიბადა ტრამვით: ვერ ხედავდა, არ ესმოდა, იყო ურეფლექსო და ვერ ყლაპავდა. მასწავლეს, მცხეთაში წმ. ნინოს მონასტერში არის მამა გაბრიელის სასწაულთმოქმედი საფლავიო. მივაკითხე დედა პარასკევას. მან მომცა ზეთი და დამარიგა, როგორ მეხმარა. დაილოცოს უფალო შენი განგება! ბავშვს ეშველა: გახდა მგრძნობიარე, სმენაც დაუბრუნდა და მხედველობაც. ჯერ-ჯერობით ცოტა ყლაპვა უჭირს, მაგრამ იმედი მაქვს არ გამწირავს უფალი და მამა გაბრიელი ამ დეფექტსაც აღმოფხრავს.

თინა შაშიაშვილი
ელიავას 38. თბილისი


მე კახაბერ მიქაძე ვარ აფხაზეთიდან დევნილი, კერძოდ ქ. ოჩამჩირადან. მას შემდეგ რაც მოგვიწია იძულებით გადაადგილება, თავი მოვაქციეთ დედაქალაქში, მაგრამ, როგორც ნათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელიაო, დავიწყე ეკლესიაში სიარული, ავიყვანე მოძღვარი - მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი. 17 წლის ასაკში დავოჯახდი, მყავს ორი შვილი - 13 წ. თეონა და 12 წ. შალვა. ეს-ეს იყო მივხვდი, როგორ ვცხოვრობდი და როგორ უნდა მეცხოვრა; რომ ეკლესიის გარეშე ეს იგივეა, როგორც თევზი უწყლოდ. განსაცდელმაც არ დააყოვნა. მაშინ ჩემი ვაჟიშვილი შალვა 6 წლის იყო. ის მძიმედ დაავადდა. დიაგნოზი სისხლის ინფექციური დაავადება ვასკულიტი დაუდგინეს. ბავშვს 20 დღის განმავლობაში წვეთოვანის საშუალებით კვებავდნენ და მკურნალობდნენ. 21-ე დღეს ექიმებმა ნება დამრთეს 3 დღით სახლში წამეყვანა. იმავე დღეს ტანზე გამოაყარა და ისტერიკული ტირილით ძლიერ ტკივილებს უჩიოდა. არ ვიცოდი რა მექნა. ამ დროს მოხუცმა მეზობლებმა მითხრეს, ეს ბატონები ბრძანდებიანო ბავშვთანო და მის საშველად ვიღაც ქალი მოიყვანეს, შეულოცავს და ყველაფერი კარგად იქნებაო. მე ამ ქალს თვალებში ვუყურებდი და მზად ვიყავი გამეკეთებინა ის, რასაც დამავალებდა. ქალმა ხატები თუ გაქვთო, მკითხა. კი მეთქი, ვუპასუხე და ინსტიქტურად ჯვარიც შემოვიტანე. ქალს შეეშინდა ჯვრის და მთხოვა გაიტანეო, რამაც გამომაფხიზლა. ვუპასუხე: ჯვარი ყოვლისშემძლეა და ეს არის სიმბოლო ჩემი ღმერთის. ქალმა ჩაატარა თავისი რიტუალი ფანდურზე სიმღერით. მე ვერ მოვისვენე და ვფიქრობდი, რომ ჩემი შველა იქ არის - ეკლესიაში და სასწრაფოდ ბავშვი ხელში ავიყვანე და წამოვიყვანე სამთავროს დედათა მონასტერში. ბევრი გამეგო მამა გაბრიელის სასწაულებზე. დედა პარასკევას ვუამბე ჩვენ გასაჭირზე. მან ბავშვი პირდაპირ საფლავზე დააწვინა, ზეთი აცხო და შესთხოვა მამა გაბრიელს შეწევნა. დედაომ მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლითაც ჯვარი გადასახა ბავშვს და მითხრა, ნუ გეშინია შვილო, თუ რწმნით ხარ მოსული მამა გაბრიელი შეგეწევა და ბავშვი კარგად იქნებაო. ასე აუსრულდეს ყოველივე კარგი ჩემს საყვარელ ხალხს და ყველა ღვთის მოსიყვარულეს. ბავშვი ავიყვანე საფლავიდან თუ არა, მას ფეხებში ძალა მიეცა და მითხრა - მამა, მშიაო. ტირილით თუ სიცილით, არ მახსოვს ამ სიხარულის ემოციით რას ვაკეთებდი, მაგრამ კარგად ვიცოდი ის, რომ მამა გაბრილემა შეისმინა ჩემი მუდარა. მეორე დღეს ბავშვი ვაზიარეთ და საავადმყოფოში მივიყვანეთ ანალიზების ჩასაბარებლად. ექიმები გაოცებული მიყურებდნენ. მკითხეს, თუ სად მყავდა ბავშვი სამკურნალოდ. მე ვუპასუხე - ყველაზე ჭეშმარიტ ექიმთან-თქო და ვუამბე ყოველივე. ეხლა შალვა სპორცმენია - ფეხბურთელი. ჩვენ ყოველთვის ვმადლობთ უფალს და მამა გაბრიელს.

კახაბერ მიქაძე
თბილისი, 2010 წ.


ჩემს შვილიშვილს პატარა გიორგის ჰქონდა მინინგიტი. ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო. ღამე, სიზმარში მქონდა გამოცხადება: ვიყავი სამთავროს მონასტერში, მამა გაბრიელის საფლავზე. გარშემო მრავალი ადამიანი იყო დაჩოქილი, მაგრამ მამა გაბრიელს ვერავინ უახლოვდებოდა. დავინახე, რომ მამა გაბრიელი წამოდგა წელზემოდ საფლავიდან და მანიშნა მივახლოებოდი, თავზე ხელი დამადო და მითხრა ”ნეტარ არიან ვისაც სწამთ უფლის და სასუფეველს დაიმკვიდრებენ”. აქამდე ეკლესიური არ ვიყავი, მაგრამ მეორე დღესვე წამოვედი სამთავროს მონასტერში და დედა პარასკევას დავალოცინე ბავშვი. მოხდა სასწაული - სამ დღეში ბავშვი სრულიად განიკურნა. ექიმები გაოცებულნი დარჩნენ. მადლობა უფალს და მამა გაბრიელს.

მერი მაქაძე
თბილისი, 2010 წ.


2009 წ. ხარებას ჩემმა შვილმა პატარა ნიკოლოზმა ფეხი დაიზიანა და ვეღარ დადიოდა. ბავშვის მოთხოვნით წამოვედით სამთავროს მონასტერში და მამა გაბრიელის საფლავზე დავაწვინეთ. საფლავიდან ავაყენეთ თუ არა ბავშვმა მონასტრის ეზოშივე გაიარა და წმ. ნინოს მაყვლოვანამდე თავისით მივიდა. ამ სასწაულმა ძლიერ გაგვაოცა. რამოდენიმე ხანში ჩემმა უფროსმა შვილმა ალექსანდრემ ფეხი მოიტეხა. ბავშვს ფეხი თაბაშირში ჩავუსვით და მისივე თხოვნით მამა გაბრიელის საფლავზე წავიყვანეთ. რამოდენიმე დღეში ბავშვს თაბაშირე ახსნეს და მეორეჯერ ვიხილეთ სასწაული - ფეხი შეხორცებული იყო. სასწაულმა ყველა გააოცა. მადლობა უფალს.

ნ. რიჟამაძე
თბილისი, 2010 წ.

15 წლის თამარი მძიმედ დაავადდა შეძენილი ცერებრალური დამბლით. მას უჭირდა სიარული და გადაადგილდებოდა მხოლოდ დახმარებით. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ექიმებმა განგვიცხადეს, რომ ცერებრალური დამბლა უკურნებელი დაავადებაა და მედიცინას მეტის გაკეთება აღარ შეუძლია. ბავშვის მდგომარეობას ძლიერ განვიცდიდით და ღვთის რწმენით გადავწყვიტეთ მივსულიყავით სამთავროს დედათა მონასტერში - მამა გაბრიელის საფლავზე. მოხდა დიდი სასწაული - თამარმა იმწამსვე გაიარა დამოუკიდებლად და უმძიმესი დაავადებისგან რამოდენიმე დღეში სრულიად განიკურნა, რაც დაადასტურა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ. მედპერსონალი ამ სასწაულმა ძლიერ გააოცა. დღეს თამარი სრულიად ჯანმრთელია და აგრძელებს აქტიურ ცხოვრებას. მადლობა უფალს და მამა გაბრიელს!

თამარი
თბილისი, 2010 წ.

ორსულობის დროს ექიმებმა ნაყოფს დაუდგინეს 4,4 სმ სიდიდის ჰიდროცეფალია თავის უკანა პარკუჭში და გვირჩიეს აბორტი, რადგან ასეთი სირთულის დაავადებისას მშობიარობა სამედიცინო თვალსაზრისით შეუძლებელი იყო. ღვთის რწმენით უარი ვთქვი აბორტზე. დავდიოდი სამთავროს დედათა მონასტერში და მამა გაბრიელის კანდელის ზეთს ვიცხებდი სისტემატურად. დღეს ლუკა 3 წლისაა და მამა გაბრიელის შეწევნით მისი მდგომარეობა თანდათან უკეთესდება. დიდება უფალს!

ლ. ნადაშვილი
თბილისი, 2010 წ.


გაგრძელება > > >