yandex
ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები - წერილები მადლიერი ხალხისგან
 
 
 
[ 3 ]

8 წლის წინ გავცივდი. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ჩვეულებრივი ვირუსი იყო და ყურადღება არ მივაქციეთ, თუმცა მდგომარეობა უფრო გართულდა, რის შედეგაც მივმართეთ ექიმს. მას სხვა ექიმებიც მოყვა. იყო არასწორი მკურნალობა, რის შედეგადაც ჯანმრთელობა უფრო გაუარესდა და გადავიდა დაავადება ქრონიკულ რინიტში. როდესაც აცივდებოდა, თავისუფალი სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ექიმების დასკვნით ამ დაავადებას არ უშველიდა სავარაუდ არც ოპერაცია, არც ლაზერით და ნემსებით მკურნალობა, რადგან მდგომარეობა ძალზედ მძიმე იყო. ძალიან ცუდათ ვიყავი, უკვე ფერიც კი ვიცვალე - გავყვითლდი და თვალები ჩამიცვივდა. 8 წელი უამრავი წამლების ქვეშ განვლე. შარშან, 2009 წ. უფლის ნებით, ჩემს დაბადების დღეს 12 ოქტომბერს, მეგობრები შევიკრიბეთ და მოვილოცეთ სვეტიცხოველი და სამთავროს მონასტერი, მამა გაბრიელის საფლავი. დაგვლოცა დედა პარასკევამ; წამოვიღე ზეთი მამა გაბრიელის საფლავიდან. მახსოვს იმედდაკარგულმა დედაჩემმა თქვა: ოღონდ შენი ხსნა იყოს, და რას არ გავაკეთებდიო - ჩემს ამდენწლიან ტანჯვას რომ უყურებდა სუნთქვის პრობლემის გამო. ზეთი ზუსტად ისე ვიხმარე, როგორც იყო კურთხევა. ზუსტად არ მახსოვს, თუმცა საკმაოდ მალე მე ყოველგვარი წამლების გარეშე დამოუკიდებლად დავიწყე სუნთქვა. მოხდა ჩემი განკურნება მამა გაბრიელის ზეთის წყალობით. დღესაც, თუკი რამე ამტკივდება, ვსვამ მამა გაბრიელის ზეთს, იმიტომ რომ ვიცი, მიშველის. როგორც მშობელი ეიმედება შვილს, ისე მეიმედება მამა გაბრიელი მე. მადლობა უფალს ასეთი წყალობისთვის.

მაკრინე ჩიტაია
თბილისი, 2010 წ.


შევიძინე წიგნი მამა გაბრიელზე და ვკითხულობდი. სათვალის გარეშე კითხვა არ შემეძლო. წიგნის კითხვის დროს მისი გარდაცვალება იმდენად განვიცადე, რომ ბევრი ვიტირე. სათვალე რომ მოვიხსენი მის მერე კარგად ვხედავ.

ირაკლი მაჭავარიანი
2010 წ.

პატარა ნია ტაბიძეს 2 თვის ასაკში დაუდგინდა თვალის ნერვის ნაწილობრივი ატროფია. მამა გაბრიელის ზეთის ცხების შემდეგ (თვალებზე) ბავშვს ერთ კვირაში მოუვიდა თვალში სინათლე და დღეისობით აღარ საჭიროებს მხედველობის დასაბრუნებლად სამედიცინო ჩარევას. დიდი მადლობა უფალს და მამა გაბრიელს! ყველას შეეწიოს მისი მადლი.
ქ. ბოლნისი, 2010 წ.
მ. ტაბიძე

დავიზიანე ფეხი. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ რამოდენიმე ხანში განმივითარდა ნერვის ანთება და 2 კვირა საწოლიდან თავის აწევაც კი მიჭირდა. საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ წამოდგომას ვერ ვახერხებდი. ვიზის გასვლამდე 1 დღე მრჩებოდა და უიმედო მდგომარეობაში ვიყავი. არანაირმა ტკივილგამაყუჩებელმა და წამლებმა შედეგი არ გამოიღო. გამახსენდა, რომ თან წამოღებული მქონდა მამა გაბრიელის საფლავის კანდელის ზეთი. საღამოს წავისვი და დილით ფეხი უკვე დაბუჟებული მქონდა. საქართველოში მშვიდობით ჩამოვედი. გავესინჯე ავერსის კლინიკაში, მაგრამ უკვე განკურნებული ვიყავი. შეეწიოს ყველას მამა გაბრიელის მადლი. დიდება უფალს!
ზვიადი.
თბილისი, 2009 წ.

მივემგზავრებოდი გერმანიაში. თურქეთში, გზაში გაზის ბალონის აფეთქებისას მივიღე მძიმე ხარისხის დამწვრობა. ვიმკურნალე თურქეთსა და გერმანიაში, მაგრამ მაინც დამრჩა წყლულები და ლაქები. საქართველოში დაბრუნებისას წავისვი მამა გაბრიელის კანდელის ზეთი და განვიკურნე. არაფერი აღარ მემჩნევა. მადლობა უფალს.
სოფიო ზოიძე
თბილისი, 2010 წ.

დამიზიანდა ფეხი. ძვალი მუხლთან იყო მოტეხილი და დაჩირქდა. დაჩირქებული ადგილიდან სითხეს ნემსით იღებდნენ. გადაწყდა ოპერაციის ჩატარება. წავისვი მამა გაბრიელის კანდელის ზეთი და განვიკურნე. ოპერაცია აღარ დამჭირდა.

ირინა გეგიძე
თბილისი, 2010 წ.

ჩემს შვილს ბაჩანა გოგუაძეს ჰქონდა პერტესის დაავადება (ძვლების დაშლის პირველი სტადია მენჯ-ბარძაყზე). ექიმებთან მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. მოვედით მამა გაბრიელის საფლავზე და ვთხოვეთ ჯანმრთელობა, წავიღეთ ზეთი და ვაცხებდი სისტემატურად. 6 თვეში ჩამოვიყვანეთ საავადმყოფოში. გაკვირვებულმა ექიმმა გამოკვლევის შემდეგ თქვა, ესეთი შედეგი როგორ მიიღეთო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მამა გაბრიელს, რომ ჩემი შვილი გამოაჯანმრთელა და ჩვეულ რეჟიმში ჩამიყენა.

ბ. გოგუაძე
ქობულეთი, 2010 წ.

არ მიჩნდებოდა ბავშვი და მამა გაბრიელის თხოვნით და დედა პარასკევას ლოცვით შემეძინა პატარა. შეეწიოს ყველას მამა გაბრიელის მადლი. დიდება უფალს!

ქეთევან ზაბახიძე
2011 წ.

ზურგზე მქონდა ცხიმგროვა, რომელიც საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას. მამა გაბრიელის ზეთის წასმის შემდეგ განვიკურნე.

მოვიწამლე. მქონდა 40 გრადუსი სიცხე. ზეთის წასმის შემდეგ დაახლოებით ნახევარ საათში სრულებით განვიკურნე.

ალერგიის შედეგად გადაკეტილი მქონდა სასუნთქი არხები და ზეთის წასმის შემდეგ განვთავისუფლდი.

ნინო
მცხეთა, 2011 წ.

ჩემს შვილს 2 წლის ილიას უჭირდა ჭამა და სიარული. 10 დღის წინ ვიყავით მამა გაბრიელის საფლავზე და სახლში რომ დავბრუნდით, ბავშვს დაეძინა. ხუთიოდე წუთში გაეღვიძა, შეჭამა და კარგადაც გაიარა.

გიორგი ქართველიშვილი
10.01.2011 წ.

ახალგაზრდას თავზე ჰქონდა ხორცმეტი, რომელიც აწუხებდა. მამა გაბრიელის ზეთის წასმის შემდეგ ხორცმეტი გაქრა.

ზურაბი,
2011 წ.

ქალბატონი, რომესლაც აწუხებდა ქალური დაავადება მძიმედ დასნეულდა. ორი კვირის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი და ვერ იღებდა საკვებს. ექიმებმა დაუდგინეს სიმსივნე. პარასკევს, ქალბატონი ჩამოიყვანეს თბილისში გამოკვლევებზე. ექიმებმა განუცხადეს, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ოპერაცია. ერთმა მორწმუნე ახლობელმა მას ურჩია წაესვა მამა გაბრიელის ზეთი და შევედრებოდა მას დახმარებოდა გამოჯანმრთელებაში. სნეული ქალბატონის რძალმა, რომელსაც ძლიერ უყვარს დედამთილი დაიწყო მისთვის მამა გაბრიელის სასწაულთმოქმედი ზეთის ცხება და ლოცვა. შაბათს, ზეთის წასმის შემდეგ ქალბატონს დაეწყო თავის ტკივილი; შემდეგ ტკივილი გადავიდა მკერდზე; შემდეგ კი მუცელზე. შაბათს განმეორებით მიიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებმა ორშაბათისთვის დაგეგმეს ოპერაცია. ქალბატონი სახლში დაბრუნდა და განაგრძო ზეთის წასმა. კვირას მას აღარეფერი სტკიოდა, მხოლოდ ფეხი გაუსივდა. ორშაბათს ქალბატონი საავადმყოფოში კვლავ გასინჯეს და დაადგინეს, რომ ჯანმრთელი იყო და ოპერაცია აღარ სჭირდებოდა. ფეხზე კი ტრომბი ქონდა. ტრომბის მკურნალობის შემდეგ თავს ძალიან კარგად გრძნობს.

ლეილა ორაგველიძე
ლანჩხუთი, 2011 წ.

მქონდა ფიბრო-მიომა. ზეთის ხმარების შედეგად დარჩა პატარა ნაწილი. იმედი მაქვს, რომ მალე სრულებით განვიკურნები.

მ. კიკალაშვილი
2011 წ.

ორსულობის მე-19-ე კვირას, 2011 წლის დადგომამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩემს მეუღლეს, ღამით მატარებელში დაეწყო სისხლდენა. მას გონება მისდიოდა, მაგრამ მაინც ჩავედით უკრაინაში, მის მშობლიურ ქალაქში. გამოკვლევის შემდეგ ექიმმა გვითხრა, რომ მეუღლეს გაუწყლოება ჰქონდა, ნაყოფს კი ძალიან პატარა თირკმელები; შარდის ბუშტი კი საერთოდ არ ჩანდა და ფილტვების განვითარების არანაირი შანსი აღარ არსებობდა. გვირჩიეს აბორტის გაკეთება, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი ცოცხალი ვეღარ დაიბადებოდა. დამაჯერებლობისათვის მოგვცეს სასწრაფო მიმართვა კიევის საავადმყოფოში დიაგნოზის სისწორის დასამტკიცებლად, რათა დროულად ჩატარებულიყო აბორტი. ჩვენ გადავწყიტეთ, რომ არ წავსულიყავით კიევში, დავბრუნდით პოლონეთში და ვარშავაში ჩავიტარეთ გამოკვლევა. აბორტზე ფიქრიც არ გვინდოდა. ვარშავის კლინიკაში პრაქტიკულად იგივე დიაგნოზი დაგვისვეს და გადაგვაგზანვეს სპეციალურ კლინიკაში. თავდაპირველად გვითხრეს, რომ ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ იყო მხოლოდ დაკვირვება. გაგვაფრთხილეს, რომ მეუღლის სიცოცხლისთვის საშიშროების შემთხვევაში შეწყვეტდნენ ორსულობას. იმავე დღეს საქართველოში გავაგზავნე წერილი დახმარებისათვის. პასუხი დაუყოვნებლივ მოგვწერეს და გამოგვიგზავნეს მამა გაბრიელის ზეთი და ხატები. ჩვენთვის ყოველ დღეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მამა გაბრიელის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ შევიტყვე, როდესაც მივლინებისას მცხეთაში ვიყიდე ჩემთვის მაშინ უცნობი ბერის ფოტო. ინტერნეტიდან გავიგეთ მისი სახელი და წავიკითხეთ წიგნი. ძალიან ვდარდობდი, რომ საქართველოში ორჯერ მივლინებისას ვერ მივედი მის საფლავზე.

მეუღლე ყოველდღიურად იღებდა მამა გაბრიელის ზეთს. თავიდან, მცირედ მოემატა წყალი, მაგრამ, ამავდროულად სხვადასხვა საფრთხეებიც გამოჩნდა. ჩვენ დავიწყეთ ლოცვა, თუმც, ამას ადრე ძალიან იშვიათად თუ ვაკეთებდით. ორსულობის მე-7 თვეზე ჩვენ შეგვეძინა პატარა ნიკოლოზი. ღვთის შეწევნით დაბადებიდან სულ რამოდენიმე საათში მოვნათლეთ. ბავშვი 1500 გრამს იწონის და ინკუბატორშია. ჩვენ უაღრესად მადლიერი ვართ უფლის, რომ მამა გაბრიელის ლოცვით თვალები აგვიხილა ჩვენს ცოდვილ ცხოვრებაზე და მამობრივი სიყვარულით დაგვეხმარა სხვაგვარად შეგვეხედა სიცოცხლეზე. ახლა უკვე ლოცვა, მოთმინება და სიყვარული გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ძალიან გვსურს სამივე ერთად ჩამოვიდეთ საქართველოში და მადლობა გადავუხადოთ მამა გაბრიელს ღვთის მიერ ბოძებული სასწაულისთვის.

ნიკოლოზ-გაბრიელი, გალინა, ლეონიდი
ვარშავა, პოლონეთი.
2011 წ.

(2015 წ. მადლიერი ლეონიდი ოჯახთან ერთად ესტუმრა თბილისს და მოილოცა სიწმინდეები)

პატარა ანდრიას 1 თვის ასაკში დაემართა ჭიპის თიაქარი. მთელი თვე ვწვალობდით. ყოველივე მტკივნეული იყო ბავშვისთვისაც და ჩვენთვის - მშობლებისთვისაც. ერთ დღესაც ლოცვა წავიკითხეთ და ბავშვს მამა გაბრიელის ზეთი წავუსვით შუბლსა და მუცელზე. სამ დღეში დაავადება უკვალოდ გაქრა.
მადლიერი მშობლები - გიორგი იურკანოვი და ირმა ლაბაძე
თბილისი, 2011 წ.

ყურში დაფის აპკი, სამი ფენა დამიზიანდა, რის გამოც ვერ მივდიოდი შეჯიბრებაზე წყალში ხტომაში. ექიმთა დიაგნოზით აპკის აღდგენას ერთი თვე დასჭირდებოდა. მეორე დღეს მივედი მამა გაბრიელის საფლავზე. დედა პარასკევამ დამლოცა. სამი დღის განმავლობაში ვლოცულობდი (დღეში ორჯერ) და ზეთს ვიცხებდი. მეოთხე დღეს მივედი ექიმთან. დაფის აპკი სრულად იყო აღდგენილი და წყალში ჩასვლის უფლება მივიღე. ერთ კვირაში წავედი შეჯიბრებაზე ჰოლანდიაში და ორი ოქროს მედალი ჩამოვიტანე. პარალელურად მქონდა მეჭეჭები ხელზე, რომელიც უნდა მომეწვა. ზეთის წასმის შემდეგ მეჭეჭები გამიქრა.
თამარ სიჭინავა
რუსთავი

ცხოვრებაში წავაწყდი დიდ უსამართლობას, რის გამოც დამემართა მანიაკალური შიზოფრენია. არავის არ ჰქონდა ჩემი განკურნების იმედი. საავადმყოფოში დამხვდა ჟურნალი მამა გაბრიელის სურათით და დარიგებებით, თუ როგორ უნდა გველოცა. ვითხოვე ჟურნალი, გადავიწერე ფურცელზე დარიგებები და დავიწყე ლოცვა. 2 კვირის განმავლობაში დადებითისკენ შეიცვალა არა მარტო ჩემი, არამდედ ირგვლივ მყოფი ყველა ავადმყოფის მდგომარეობა. 1 თვის შემდეგ გაოცებულმა ექიმებმა საავადმყოფოდან გამომწერეს სრულიად ჯანმრთელი. მას შემდეგ გავიდა 4 წელი. ვარ სრულიად ჯანმრთელი და არ ვიღებ არანაირ წამალს.

სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.

მამა გაბრიელის საფლავი ექსკურსიაზე მოილოცა 10 წლის ბავშვმა. მას ხელზე ჰქონდა სიმაგრე და შემდგომ განუვითარდა ატროფია. ექიმთა გადაწყვეტილებით აუცილებელი იყო ხელის ამპუტაცია. ბავშვმა წაისვა გაბრიელ ბერის კანდელის ზეთი და ხელი საფლავზე დადო. მეორე დღეს მას ხელი მოურჩა და ოპერაცია აღარ დასჭირდა.

მცხეთა
2010 წ.

2010 წელს გავხდი ძალიან ავად. ექიმები შეცდნენ და მკურნალობა დამიწყეს ნერვის ანთებაზე, მაგრამ სინამდვილეში მქონდა ფარული ტრომბი. ორი ყავარჯნით დავდიოდი. გადავიტანე ძალიან დიდი ტკივილები. გადავწყვიტე მომელოცა მამა გაბრიელის საფლავი. მეორეჯერ, საფლავზე საკუთარი ფეხით, ყავარჯნების გარეშე მივედი. დიდება უფალს.

ლია ჭრელაშვილი
თბილისი 2011

2011 წ. გაზაფხულზე, უეცრად დამეწყო კუჭის არეში მწვავე ტკივილები, რომელსაც ყურადღება არ მივაქციე და არც ექიმთან წავედი, რის გამოც დაავადება გამიმწვავდა იმდენად, რომ გამოიწვია ჰიპერტონიული კრიზი და პაროქსიზმის შეტევები. იმდენად დავსუსტდი, რომ ფეხზე თითქმის ვეღარ ვდგებოდი. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ რომელ სპეციალისტთან წავეყვანე და საიდან დაეწყოთ მკურნალობა. მამა გაბრიელის ზეთი არ მქონდა და ვნატრობდი, რომ შემძლებოდა წასვლა და ზეთის ჩამოტანა. ავადმყოფობის 3 კვირის შემდეგ შევძელი გამოკვლევაზე წასვლა და დამიდგინეს მწვავე გასტრიტი, კუჭის ეროზია, პულპიტი, საყლაპავის ანთება, მწვავე ქოლეცისტიტი და ა.შ. დამინიშნეს მკურნალობა. მედიკამენტები უნდა დამელია 1 თვის განმავლობაში და შემდეგ კვლავ გამოკვლევები უნდა გამეგრძელებინა. სანამ მკურნალობას დავიწყებდი მეგობრებმა ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულზე მცხეთაში წამიყვანეს. ჯვრის მონასტერში პარაკლისს დავესწარი, თან მეშინოდა, სისუსტისაგან გული არ წამსვლოდა. შემდეგ სამთავროს მონასტერში ჩამოვედი მოსალოცად და დედა პარასკევამ დამლოცა, მანუგეშა და ზეთი გამატანა; მითხრა, ნუ გეშინია, კარგად იქნებიო. არანაირი მედიკამენტი არ დამილევია. დავიწყე მამა გაბრიელის კანდელის ზეთის დალევა და ჯვრის გამოსახვა. მალე, ღვთის წყალობით გამოვჯანმრთელდი. ახლა უკვე ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემისას (ტაქიკარდია, სახსრების ტკივილი) მამა გაბრიელის კანდელის ზეთით ჯვარს ვისახავ და ღმერთის წყალობით მალევე თავს კარგად ვგრძნობ. მრავალი ცხოვრებისეული განსაცდელის დროსაც მითხოვია მამა გაბრიელისათვის შემწეობა და არასოდეს არ დავუტოვებივარ ნუგეშის გარეშე. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!

თამარ დაუშვილი
2011 წ. თბილისი

შენდობას და პატიებას ვითხოვ, თუ რაიმე ისე ვერ დავწერე ჩემი უმეცრებით. რამოდენიმე წლის წინ გავხდი ძალიან ცუდად. მაწუხებდა ნუშისებრი ჯირკვლები. მდგომარეობა დამიმძიმდა. ყელი მქონდა დასიებული. საჭმლის ჭამაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, წყალსაც საწვეთურით ვიწვეთებდი და ლაპარაკიც არ შემეძლო. უამრავ ექიმთან მივედი, მაგრამ შედეგი არ გამოიღო და უფრო და უფრო მიმძიმდებოდა მდგომარეობა. ყოველივე ეს გრძელდებოდა 2 კვირის მანძილზე. ბოლო დღეს კვლავ რომ მივედი ექიმთან, გაკვირვებულმა მითხრა - ესეთი რამ არ მინახავს და ხელს ვერ მოვკიდებო. რომ გავჭრა, არ ვიცი, შეიძლება უარესი მოხდესო. ასე უიმედოდ წამომიყვანეს სახლში. სიარულიც უკვე აღარ შემეძლო. საღამო ხანი იყო. დასიება გამიძლიერდა, ისე, რომ სუნთვა თითქოს ხროტინში გადამდიოდა. უჰაერობისაგან ისედაც დაუძლურებული, სულ მთლად დავბუჟდი და გონებას ვკარგავდი. ამ დროს შემთხვევით დედაჩემი გავიდა ოთახიდან. ჩემთან ბებია დარჩა. ბებიამ მამა გაბრიელის ზეთი მომიტანა და ამ დროს დედაჩემიც შემოვიდა ოთახში და ხელში მასაც მამა გაბრიელის ზეთი ეკავა. მამაო ჩვენო ვთქვი და გულით ვთხოვე მამა გაბრიელს გადავერჩინე. ვიცხე ზეთი. უცბათ სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი და დავმშვიდდი, თითქოს ძალები მემატებოდა. ენით მიჭირს იმის აღწერა ეს რა გრძნობა იყო. ჩამეძინა. ზუსტად 20-25 წუთში მაღვიძებს პირის ღრუში უსიამოვნო შეგრძნება. წამოვხტი და პირიდან თქრიალით სისხლი წამომივიდა. ეს გაგრძელდა 10 წუთი. უცბათ ყოველგვარი ტკივილი მომეშვა, ვამჩნევ, რომ ვყლაპავ (მანამდე ვერ ვყლაპავდი). ხმაც ამოვიღე. მთელი დასიება დამიცხრა. სუნთქვითაც სრულიად განვიკურნე. ისეთი ამაღლებული გრძნობა დამეუფლა, რომ ტანში მცრიდა. ვერ ვიაზრებდი თუ ყველაფერი მართლა ხდებოდა. ეხლა ვხვდები, რომ მამა გაბრიელი ჩემს გვერდით იყო იმ მომენტში. მის საფლავზე რომ მივდივარ, ზუსტად ის გრძნობა მეუფლება. დილით ისევ იმ ექიმთან მივედით. მინდოდა მენახა მისი გაოცებული სახე. ექიმი ხმას ვერ იღებდა. თითქოს ეჭვიც შეეპარა, რომ მე სხვა პიროვნება ვიყავი. მის მერე მამა გაბრიელი სულ მეხმარება. არ ვიცი როგორ გამოვხატო მისდამი მადლიერება. ძალიან გული მწყდება, რომ სიცოცხლეში არ ვიცნობდი. მამა გაბრიელზე დაწერილი წიგნები ”ბერის დიადემა”, ”მამა გაბრიელის ნაუბარი” წავიკითხე. ხშირად მივდივარ მამა გაბრიელის საფლავზე და გული მტკივა, რომ ვერ მოვესწარი. ჩემს მეგობრებს ყველას ვუყვები მის ნაამბობს წიგნებიდან, რაც წაკითხული მაქვს. მეგობარს, რომელსაც დედა გარდაეცვალა და დაობლდა, დაეწყო საშინელი თავის ტკივილი. 2 საათი ხმას ვერ იღებდა. მე მამა გაბრიელზე ვუყვებოდი ისტორიებს, მაგრამ ხმას არ მცემდა. უცბად წამოხტა, მუხლი მოიყარა და პირჯვარი გადაიწერა. სახე გაბრწყინებული ჰქონდა. რა მოგივიდა-მეთქი ვკითხე და მიპასუხა - ეხლა ვთხოვე, მამა გაბრიელ დამეხმარე, ტკივილმა გამიაროსო. ეს გავიფიქრე თუ არა იმ წამსვე გამიარაო. შემდეგ მას დაესიზმრა, რომ მამა გაბრიელთან ერთად იყო ხის ქვეშ და თხოვა, ჩაგეხუტებიო. იმხელა სიყვარული და სითბო ვიგრძენი, რომ ცხოვრებაში არავისგან მიგვრძნიაო. გაღვიძება აღარ მინდოდაო. ის ტკივილი, რაც დედის გარდაცვალებით ჰქონდა, სულ სითბოთი შეუმსუბუქა მამა გაბრიელმა. მრავალი ასეთი ფაქტია. იქიდან ელოცოს ჩვენ საყვარელ ბერ გაბრიელს. სიტყვებით ვერ გამოვხატავ მისდამი სიყვარულს. ღმერთმა გააძლიეროს სამთავროს მონასტრის დედები.

დიდი პატივისცემით და სიყვარულით,
გიორგი თუშურაშვილი
2011 წ.