yandex
წმ. ღირსი მამა გაბრიელის მირონმდინარე ხატი
 
 
 

უფლისმიერი სასწაული!

ბავშვის შუბლზე გამოსახული ჯვარი,
წმინდა მამა გაბრიელის მირონმდენი მიწა და ხატები!

13 წლის ირინა მაისურაძე გულით მძიმედ არის დაავადებული. 3 თვის ასაკში ექიმებმა მას დაუდგინეს ბრადიკარდია და სრული ავ-ბლოკადა. ბავშვს აღენიშნება 22 გულისცემა წუთში.

როდესაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოაბრძანეს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, ირინას დედას, ქ-ნ ლიკას ჰქონდა წმ. მამა გაბრიელის ხილვა, რა დროსაც წმინდანმა ანუგეშა და აღუთქვა შვილის განკურნება. ოჯახმა სამების საკათედრო ტაძარში მოილოცა მამა გაბრიელის წმ. ნაწილები. ირინას ბებიას ქ-ნ ნაირას ტაძარში სტიქაროსანმა აჩუქა წმ. მამა გაბრიელის 2 პატარა ხატი, რომლებიც სახლში, ხატების კუთხეში დააბრძანეს.

2014 წ. აპრილში, როდესაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები კვლავ გადააბრძანეს მცხეთაში, ქ-ნ ლიკა შვილთან ერთად მოსალოცად ჩავიდა სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც დედა პარასკევამ ურჩია წაეღოთ წმ.მამა გაბრიელის კანდელის ზეთი და საფლავის მიწა. ამ პერიოდში ექიმთა რჩევით დაგეგმილი იყო ოპერაცია ბავშვის გულში პეისმეიკერის (სტიმულატორი) ჩასადგამად. უფლის რწმენით და წმ. მამა გაბრიელის აღთქმით დაიმედებულმა ქ-ნ ლიკამ უარი განაცხადა ოპერაციაზე და შვილს გულზე სატარებლად შეუკერა პატარა ტომსიკა, ამოქარგა ჯვარი და მოათავსა წმ. მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული მცირეოდენი მიწა.

2014 წ. 18 დეკემბერს, როდესაც ქ-ნ ლიკამ გაიგო არსენაძეების ოჯახში მომხდარი სასწაულის შესახებ, წმ. მამა გაბრიელის მირონმდენი ხატის მოსალოცად მიიყვანა თავისი ქალიშვილი. სამების ტაძარში ნაჩუქარი 2 პატარა ხატიც მცირე ხნით მირონმდენი ხატის გვერდში დააბრძანეს. როდესაც ბავშვს მირონი სცხეს შუბლზე, სასწაულებრივად სისხლოვანი ჯვარი გამოისახა, რაც დაფიქსირდა ფოტოაპარატით.

19 დეკემბერს დაიწყო სასწაული, რომელიც დღემდე გრძელდება: ტომსიკიდან, რომელშიც მოთავსებულია წმ. მამა გაბრიელის საფლავის მიწა და რომელსაც ირინა განუყრელად ატარებს, დაიწყო ძლიერი მირონდენა. თავდაპირველად მოედინებოდა სისხლნარევი მირონი, რაც კარგად სჩანს ფოტოებზე. დღეს-დღეობით, ტომსიკიდან მოედინება უფერო მირონი.

ოჯახში ხდება სხვა სასწაულიც! სამების საკათედრო ტაძარში ნაჩუქარ 2 პატარა ხატს დაეწყოთ მირონდენა და წამოუვიდათ სისხლის წვეთები. მირონდენა დაეწყო აგრეთვე წმ. მამა გაბრიელის მესამე ხატსაც!

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, ირინას 10 პუნქტით გაუხშირდა პულსი.